სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის დაჭრის საქმეზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ცნობილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის საქმეზე დაკავებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი. ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან ქალაქ თბილისში მდებარე კლინიკაში გადაყვანილი იქნა პატიმარი, რომელსაც ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობის ჩატარება სჭირდებოდა.
“[ფსიქიატრიული დაწესებულების] მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი – საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა.
გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში”, – ასე აღწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა 20 აგვისტოს განვითარებული მოვლენები.
თავში დაჭრილი პატიმარი გურამ სვანაძე კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება.