ქართველი ხალხი მზადაა, მთავრობასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ – ჰოჯესი NATO-ში გაწევრიანებაზე

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერევიუში განაცხადა, რომ ნატო უნაკლო ორგანიზაცია არ არის, თუმცა ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია.

მისი თქმით, ნატომ საქართველოს და უკრაინას სამოქმედო გეგმა უნდა მისცეს, რადგან მას შავ ზღვაში რუსეთთან სტრატეგიული კონკურენცია აქვს.

“ამ ადაპტაციის დიდი ნაწილია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან შავ ზღვაში სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას ასევე იყენებს სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაშიც საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაც უნდა შევიდეს”,– განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ჰოჯესის შეფასებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით ხელს შეუწყობს, საქართველო კი შეიძლება აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს საყრდენი გახდეს.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ნატოში გასაწევრიანებლად მზადაა, მაგრამ მთავრობასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ არის.

“ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ…

შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობის და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს”,– თქვა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.