გულწრფელად გეტყვით, ბოლომდე არ მესმის, რა შინაარსი დგას ფრაზის “ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” უკან, თუმცა ამაზე სხვა დროს. მაგრამ რასაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, იმის გარკვევაა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას.
“უცაბედად” ერთიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ალაპარაკებული ყველა ქართველი პუტინისტი იმის უტყუარი ნიშანია, რომ რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს: კეთილი რუსეთი, რომელიც უკვე არა მარტო უვიზო მიმოსვლას, ერთმორწმუნეობას, ფულის “კეთებას” გვთავაზობს, არამედ სუპერ-ამოცანის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. მეორეს მხრივ, ბოროტი დასავლეთი უკვე მარტო უშინაარსო კანდიდატის სტატუსით, ვიზებით, ქართული იდენტობის მოსპობით კი არა, ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაკარგვით და ომში ჩათრევითაა წარმოდგენილი.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არანაირ ტერიტორიებს არავინ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ კოორდინირებული პროპაგანდა მოსკოვიდან და თბილისიდან აუცილებლად გაღრმავდება.
ტერიტორიულ მთლიანობაზე გადაკრულად ნათქვამი დაპირებაც კი იმგვარ ეროვნულ ნერვზე თამაშია, კოლექტიური ტრავმით ისეთი მანიპულაციაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს საღი აზრი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რანგის პროპაგანდასთან ჩვენ საქმე ჯერ არ გვქონია. ამის დაძლევა მგონია ახლა ეროვნული ამოცანა, და არა იუსტიციის საბჭოს კომპოზიცია, რაღაც კანონპროექტები, კომისიები, თუნდაც 12 პუნქტის შესრულებაზე “ოცნებასთან” დიალოგი.
ასე რომ, ევროკავშირის წევრობის სტატუსს არ ვიცი და ქართველმა ხალხმა ჯერ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ სახელმწიფოს სტატუსს ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობას (და შესაბამისად მის კანდიდატობას) კი სახელმწიფოები იმსახურებენ, და არა ხალხები. მაგრამ ამაზე სხვა დროს,
ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს.