”ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება – ALDE

„ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს“ – ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება (ALDE PARTY) საქართველოს პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივ დევნას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

„ოპოზიციური ხმების გაჩუმება. დემოკრატიული ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“. „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ“.

შეგახსენებთ, დღეს, 6 ნოემბერს, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და დამხობის მოწოდება.