„ქართულ ენას არ ვფლობ. ენის არ ცოდნა, რა თქმა უნდა, ხელს შემიშლის იმაში, რომ მოსახლეობის სათქმელი მივიტანო პარლამენტში და მაგიტომაც ვსწავლობ. გასული 4 წლის განმავლობაში მე შევამჩნიე, რომ მოსახლეობასთან ჩემი კავშირი გაზრდილია.“– ეს განცხადება ქართული ოცნების ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამველ მანუკიანმა ტელეკომპანია TOK TV-სთან ინტერვიუში გააკეთა. მანუკიანი, რომელიც პარლამენტში 2016 წლიდან ქართული ოცნების დეპუტატია. ის პარლამენტში პატიული სიით მოხვდა. საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად სახელმწიფო ენას არ ფლობს. ამის მიუხედავად, მას ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. მანუკიანი ამბობს, პარტიიდან შეთავაზება კანდიდატობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ მივიღე კონსულტაცია ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურის შესახებ და მეც დავთანხმდი. ყველანაირი გზით ვეცდები დავიცვა ჩვენი რეგიონის ინტერესები. წინასწარ განსაზღვრული გეგმები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ძველი, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ გამარჯვების შემთხვევაში” — ამბობს მანუკიანი.
სამველ მანუკიანი იმ დეპუტატთა შორის არის, რომლებიც პარლამენტში სიტყვით არასოდეს გამოსულან. ერთ–ერთი ინტერვიუში ის ამბობს, რომ არ უნდა ენის არცოდნის გამო დაცინვის ობიექტი გახდეს:
„პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“, – ამბობს სამველ მანუკიანი.
წყარო: TOK TV