“ოცნებას” არჩევნების გადადება არ აწყობს, მივესალმები თარიღის აქეთ გადმოწევას – კაკულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას არჩევნების გადადება არ აწყობს, ამიტომ ის მხოლოდ თარიღის უკან გადმოწევას მიესალმება.

მისი თქმით, რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, მით უკეთესია, რადგან საზოგადოება საკუთარ პოზიციას გამოხატავს.

“არჩევნების გადადებაზე არავითარ ინტენსიურ საუბრებს ადგილი არ აქვს. ვფიქრობ, ვისაც ყველაზე მეტად არ აწყობს არჩევნების გადადება, ეს არის “ქართული ოცნება”. თუ არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე. ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ რაც უფრო მალე გაირკვევა საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს, ეს ძალიან მალეა გასაკეთებელი. ამიტომ არჩევნების გადატანას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი, რათა მალე გაირკვეს ეს ყველაფერი”,- აცხადებს კაკულია.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების გარდა მსოფლიოში უკვე ყველამ გამოთქვა აზრი, ამიტომ გული წყდება, რომ არჩევნებამდე ბევრი თვეა დარჩენილი.

“მსოფლიოში უკვე ყველამ ყველაფერზე გამოთქვა აზრი, გარდა ქართული საზოგადოებისა. ამიტომ რაც უფრო მალე მოხდება ამ აზრის გამოთქმა ყველა მიმდინარე საკითხთან მიმართებაში, ორიენტაციისთვის, რათა ჩამოყალიბდეს საზოგადოება, როგორ განვითარდეს – ეს მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე. ამიტომ არანაირად არ დავუჭერ მხარს არჩევნების გადადებას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა,” – თქვა რომან კაკულიამ.