ქერჩი და სევასტოპოლი ყირიმში, ბელგოროდი რუსეთში და ახალი კახოვკა–თითქმის ერთდროული აფეთქებები და ხანძრები რუსულ აეროდრომსა და ბაზებზე

ხუთშაბათს საღამოს დროის მცირე ინტერვალით ოთხი აფეთქება და ხანძარი მოხდა რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, ასევე თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში.

ყირიმში, სევასტოპოლთან ბელბეკის აეროპორტის რაიონში აფეთქებების ხმა გაისმა.

ტელეგრამ არხები და მედია წერენ, რომ სევასტოპოლის რაიონში 4 აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით აფეთქების მომენტისთვის ბელბეკის აეროპორტში მინიმუმ 40 ავიაგამანადგურებელი იყო გაჩერებული.

ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვონჟაევმა საღამოს განაცხადა, რომ აეროპორტის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, იგივე ითქვა ქერჩზე, თითქოსდა იქაც ყირიმის ხიდის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ქერჩში ძლიერი აფეთქებების ხმა სევასტოპოლში აფეთქებებამდე ერთი საათით ადრე გაისმა. ადგილობრივი ხელისუფლება თავიდან ამბობდა, რომ  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა, თუმცა არ დააკონკრეტა რატომ.

დაახლოებით დროის იმავე მონაკვეთში საბრძოლო მასალების საწყობი დაიწვა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდში. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით მოხდა ორი სოფლის ევაკუაცია.

სოფელ ტიმონოვოსთან ახლოს ცეცხლი საბრძოლო მასალების საწყობს გაუჩნდა. მიზეზებს ადგილობრივი ხელისუფლება არ ასახელებს.

სულ ბოლოს კი, ცოტა ხნის წინ აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინაში, ოკუპირებული ნოვა კახოვკას ტერიტორიაზე, ხერსონის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივები და მედია იტყობინება. ნოვა კახოვკას დაბომბვა რეგულარულად ხდება. ორი დღის წინ უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ ქალაქში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა. გავრცელდა შესაბამისი კადრებიც.