ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში რჩება და “ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში, თბილისში გააგრძელებს”.

“დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის.

არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო. ჩემი ქვეყნის მსახურებას, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი გავაგრძელებ, რათა საქართველომ განვითარება განაგრძოს. ჩვენს ხალხს, განსაკუთრებით კი ჩემს საყვარელ ქუთაისელებს, მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ

ქუთაისი არის ჩვენი ქალაქი და ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ მისი მომავალი”. – წერს ხახალეიშვილი

ხახალეიშვილი მადლობას უხდის თავის ამომრჩევლებსა და “იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ” ქუთაისის განვითარებაში. ის ასევე წერს, რომ გუნდთან ერთად უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა, რომლებიც საერთო მუშაობის გარეშე ვერ შესრულდებოდა.

“გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა”. – წერს ხახალეიშვილი.