ბარბადოსში დაბადებული მომღერალი რიანა, რომელიც ცნობილი აშშ–ში გადასვლის შემდეგ გახდა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალ მომღერლად დასახელდა. ჟურნალ ფორბსის გათვლებით მისი ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მომღერალს შემოსავლების დიდი ნაწილი მუსიკალური კარიერით არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მომღერლობა დაეხმარა მას მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში.
ფორბსის ექსპერტების თქმით, 33 წლის რიანას ქონების უდიდესი ნაწილი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიის Fenty Beauty–ს კაპიტალიზაციის შედეგია, რომლის 50%–იანი პაკეტი 1.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დაახლოებით 270 მილიონი დოლარი ღირს რიანასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფირმის, Savage x Fenty–ს 30%. და მხოლოდ დარჩენილი თანხა, ანუ დაახლოებით 30 მილიონი მოდის მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულ შემოსავლებზე.
რიანაზე მდიდარი შოუ ბიზნესის სამყაროში ერთადერთი ქალია – ამერიკელი ტელეწამყვანი ოფრა უინფრი, რომლის ქონება ფორბსის მიერ 2.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რიანამ კომპანია Savage x Fenty 2017 წელს დააფუძნა. დასახელებაში საკუთარი გვარი გამოიყენა: მომღერლის სრული სახელი და გვარია რობინ რიანა–ფენთი.
ფირმის შექმნისას ის ტარანსნაციონალური კორპორაცია LVMH–ის პარტნიორი გახდა. ამ კომპანიას ეკუთვნის ისეთი მაღალი კლასის ბრენდები, როგორებიც არის: Christian Dior, Louis Vuitton, შამპანური Moët & Chandon, კონიაკი Hennessy და სხვები.
რიანამ განაცხადა, რომ ახალი ფირმა ცდილობს პროდუქტი ყველა ტიპის ქალისთვის შექმნას და ტონალური კრემის 40–მდე ტონი შესთავაზა მომხმარებელს. იმ დროისთვის ასეთი მიდგომა უპრეცედენტო იყო. შედეგად, პირველივე წელს ამ ხაზმა მას 550 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა, კონკურენტმა კომპანიებმა კი საკუთარი კოსმეტიკის ფერთა ასორტიმენტის გაფართოება დაიწყეს.
“ბევრი ქალი ვერ ახერხებდა მათი კანის შესაბამისი კოსმეტიკის ყიდვას. იყო მხოლოდ ტონები ღია ფერის კანისთვის, საშუალო ტონი, კრემისფერი და მუქი ფერის კანისთვის. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ რეალობა ბევრად განსხვავებულია. ეს კომპანია ერთ–ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის უნდოდა მუშაობა“ – ამბობს კონსალტინგური კომპანია Bluestock Advisors–ის წარმომადგენელი, შენონ კოინი გარდიანთან საუბრისას.
უნდა ითქვას ისიც, რომ რიანას ყველა ბიზნეს წამოწყება წარმატებული არ ყოფილა. წელს ის დათანხმდა დაეხურა მისი ტანსაცმლის ბრენდის, Fenty–ს წარმოება, რომელმაც ორი წელიც ვერ იარსება.
ფორბსის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რიანას კომპანიები უფრო წარმატებულად მუშაობს, ვიდრე შოუბიზნესიდან მისი კოლეგების მიერ შექმნილი კომპანიები, მათ შორის Kylie Cosmetics, რომელიც ამერიკელმა მოდელმა კაილი ჯენერმა შექმნა, KKW Beauty, რომელიც ტელეშოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა დააფუძნა, ასევე ჯესიკა ალბას მიერ შექმნილი Jessica Alba’s Honest Company.
ქონებით რიანას ჩამორჩება მომღერალი მადონა. ფორბსი მის ქონებას 550 მილიონ დოლარად აფასებს. სელინ დიონის ქონება 455 მილიონად არის შეფასებული, ბიონსესი კი 420 მილიონად.
რიანა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია. მისი ალბომები სხვადასხვა ფორმით 250 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, თუმცა მომღერლის უკანასკნელი სოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა.