ბრიტანეთის კონტრდაზვერვის MI5-ის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს რუსეთის სადაზვერვო ქსელს საზღვარგარეთ ყველაზე მძიმე დარტყმა მიადგა თანამედროვე ისტორიაში. ამასთან, მაკკალუმმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი კიდევ მრავალი წელი მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან აგრესიისთვის .
ყოველწლიურ მოხსენებაში დიდი ბრიტანეთის წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ, კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 600-ზე მეტი თანამშრომელი გააძევეს რომელთაგან 400-ზე მეტი სავარაუდოდ ჯაშუშია. „ამან ყველაზე სტრატეგიული დარტყმა მიაყენა რუსეთის დაზვერვას უახლოეს ევროპულ ისტორიაში“, – თქვა მაკკალუმმა.
MI5-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან 23 რუსი ჯაშუში გააძევეს, რომლებიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ. გარდა ამისა, ასზე მეტ რუსს, რომლებითაც მოსკოვი სამშობლოში დაბრუნებული დიპლომატების ჩანაცვლებას აპირებდა, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით დიპლომატიურ ვიზებზე უარი ეთქვა. ”ჩვენ არ შეგვიძლია ამით დავკმაყოფილდეთ, – დასძინა ბრიტანეთის კონტრდაზვერვის უფროსმა, – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის ღია ან ფარული აგრესიისთვის დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მომდევნო წლებში.“
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი კვლავ დარჩება ბრიტანეთისთვის როგორც საიდუმლო საფრთხის შემცველად, ჯაშუშებისა და კიბერშეტევების სახით, ასევე ღია საფრთხედ ენერგეტიკული ფასების მიზანმიმართული ზრდისა და მოსახლეობის მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამო. ”ისინი გააგრძელებენ დარტყმებს”, – ამბობს ის.
ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის მაკკალუმმა, წინა წლების მსგავსად, ირანი და ჩინეთიც დაასახელა. MI5-მა წელს ირანის მხრიდან ბრიტანეთის მოქალაქეების ან აქ მცხოვრები პირების გატაცების ან მოკვლის სულ მცირე 10 პოტენციური მცდელობა აღკვეთა. გასული წლის ანგარიშის შემდეგ,კიდევ 8 ტერაქტია აღკვეთილი, რომლებიც დამუშავების ბოლო სტადიაზე იყო.
ჯერ კიდევ გასულ კვირას, ბრიტანეთის პოლიციამ გააფრთხილა ქვეყანაში მცხოვრები და მომუშავე ირანელი ჟურნალისტები მათი სიცოცხლისთვის პოტენციური საფრთხის შესახებ. მაკკალუმმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ MI5 მუშაობს მჭიდრო პარტნიორობით კოლეგებთან ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ, რათა თავიდან აიცილოს „სრულიად მიუღებელი ქმედებები“. ამასთან, მან გაიხსენა, რომ ირანი მზად არის მსგავსი „უგუნური ქმედებებისთვის“ მთელ ევროპაში.
რჩება კიდევ ერთი “დიდი და მარადიული გამოწვევა”, MI5-ის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი, რომელიც უყოყმანოდ იჭერს რეჟიმის ოპონენტებს, ეწევა მათ დაშინებას. მაგალითად, მან მოიყვანა ბოლო ინციდენტი, როდესაც პრო-დემოკრატიული მოძრაობის წევრს თავს დაესხნენ მანჩესტერში მდებარე ჩინეთის საკონსულოში.
”ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ ნიშნებს ამ ტიპის რეპრესიებისა“ – თქვა MI5-ის უფროსმა და დასძინა, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე ცნობები პეკინის მიერ საზღვარგარეთ ე.წ. პოლიციის განყოფილებების შექმნის შესახებ. ეს პუნქტები, რომლებიც ოფიციალურად შექმნილია ჩინეთის მოქალაქეების ადმინისტრაციულ საკითხებში დასახმარებლად, ზოგიერთი ინფორმაციით, ახდენენ ზეწოლას მათზე, ვინც არ ეთანხმება რეჟიმს და აიძულებს მათ სამშობლოში დაბრუნებას სხვადასხვა საბაბით, მათ შორის შანტაჟით.
„ჩვენ არ შევეგუებით ბრიტანეთის მოქალაქეების, ან მათ დაშინებას და შევიწროებას, ვინც საკუთარ სახლად ბრიტანეთი აირჩია“, – განაცხადა მაკკალუმმა ამასთან დაკავშირებით.
ჯერ კიდევ იანვარში, MI5-მა გამოსცა უჩვეულო გაფრთხილება ჩინეთის მცდელობებზე გავლენა მოახდინოს ბრიტანეთის პოლიტიკაზე. კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები არ წყვეტენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის მცდელობებს, მათ შორის პოტენციური აგენტების დაქირავებას, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ კარიერას, როგორიცაა ადგილობრივი საბჭოების წევრები ან პარლამენტის წევრობის კანდიდატები.