“ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს”, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის, განცხადებას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
“ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, – თქვა ჟურნალისტებთან კალაძემ.
ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი გამოცემა ”ევროპეისკაია პრავდას” საუბრისას, აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლოდვა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მისი თქმით, სამივე ქვეყანას მინიმუმ 20 წელი მაინც დასჭირდება, რომ მზადყოფნას მიაღწიონ.
”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ან შევთავაზოთ ისეთივე წევრობა, რომელიც ევროკავშირში სხვა სახელმწიფოებს აქვთ, ან თანამშრომლობის ახალი ფორმატი შევქმნათ ქვეყნების იმ სამეულთან, რომელთაც აქვთ ევროპული ამბიციები – უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი, ხოლო ამ სამეულიდან არც ერთი სახელმწიფო, არაა მზად რომ წევრობის კრიტერიუმები შეასრულოს. ალბათ, 20 წელი დასჭირდებათ, სანამ მზადყოფნას მიაღწევენ.შესაძლოა, მართლა აქვს აზრი რაიმე შუალედური ვარიანტის პოვნას, რომელიც დაეხმარება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ სამიდან არც ერთი ქვეყანა არაა მზად წევრობისთვის. სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა სასამართლო სისტემასთან. ჩვენ მზად ვართ, ცვლილებაში დაგეხმაროთ, თუმცა სამუშაო უნდა შეასრულოთ თქვენ, თითოეულმა ამ სამი ქვეყნიდან. და ეს მძიმე სამუშაოა.” – ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი.