ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში წაადგება, როდესაც სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია საგამოძიებო კომისია შეიქმნას და შეიძლება ჩვენ ვიყოთ ამის ინიციატორი. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმია ყველაზე ეფექტური საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯზეც ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.