ყირიმში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი დრონებიდან დაიბომბა

ყირიმში, სევასტოპოლში  მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატებით  შეტევა მოხდა. ანექსირებული ქალაქის მერის ცნობით დაჭრილია 5 ადამიანი.

“ფლოტის შტაბის ეზოში მოფრინდა ამოუცნობი ობიექტი, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი. დაჭრილია შტაბის 6 თანამშრომელი. დაღუპულები არ არიან. ყველას აღმოუჩინეს დახმარება. “ფეესბე“ მუშაობს, გარემოებები დგინდება“– დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.

31 ივლისი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა. ამ შენობაში სწორედ დღესასწაულის  ემზადებოდნენ. თუმცა, სევასტოპოლში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ყველა ღონისძიება გაუქმდა.

ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა შავი ზღვის შტაბის ფოტოები, რომლებზეც ჩანს შეტევის შედეგები. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

რაზვოჟაევი მომხდარში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს.

მოგვიანებით შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოტის შენობას თვითნაკეთი დრონებით შეუტიეს, რომლებზეც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

უკრაინელები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ოდესის ადმინისტრაციის სპიკერმა,  სერგეი ბრატჩუკმა უკვე უწოდა შტაბზე თავდასხმას აშკარა პროვოკაცია.

“ჩვენი ყირიმის გათავისუფლება ოკუპანტებისგან არა ასე , არამედ ბევრად ეფექტურად მოხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. “–თქვა მან.