ყოფილი პრეზიდენტის დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია მსოფლიოსთვის – ევროპარლამენტარები

“განცხადება საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ“ – ასე ჰქვია განცხადებას, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე აწერენ.

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

“საქართველომ, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება დაიცვას ევროპული ფასეულობები და პრინციპები, როგორიც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფების ძლიერი მხარდამჭერია, და საქართველოს ევროპელი პარტნიორები ელიან, რომ მთავრობა და მმართველი პარტია სრულად განახორციელებენ და დაიცავენ ამ პრინციპებსა და სტანდარტებს.

ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტოტალიტარულ პოსტსაბჭოთა ჩვევებს, ისეთი მაგალითები, როგორიც არის იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინა, აჩვენებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერ- მინისტრის დაკავება ასეთ ევროპულ ქვეყანაში, დაუყოვნებელი გამაფრთხილებელი სიგნალია მსოფლიოსთვის ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესაძლო გაუარესების შესახებ.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, აჩენს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების პოლიტიკურ მოტივებს და აბსოლუტურად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემისთვის, ძირს უთხრის ხალხის არჩევანს, რომელმაც საქართველოს ევროპული გზით სვლა აირჩია.

სასწორზე დევს საქართველოს ევროპული მომავალი. მთავრობა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება“  ამ შემთხვევაში არიან მთავარი პასუხისმგებლები ამ სიტუაციასა და მის მოგვარებაზე. ისინი არჩევანის წინაშე დგანან – განაგრძონ პოლარიზაციისა და უნდობლობის გაღვივება ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ, სანამ სააკაშვილი ციხეში რჩება, თუ მოახდინონ ძალისხმევის კონცენტრირება კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების მხარდასაჭერად, რაც საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სააკაშვილის საქმე გადაცემულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ეს არის გზა, საქართველოს მომავლისთვის საბედისწეროდ მნიშვნელოვან საქმეში ევროპული მართლმსაჯულება ჩაერიოს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვას იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეს განიხილავს, სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს.“– ნათქვამია განცხადებაში.