საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს უფრო ღიად და აქტიურად გამოხატონ მისდამი მხარდაჭერა:
„მინდა მოვყვე ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად ხდება და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.
რამდენიმე დღის წინ, ჩემი ოჯახის წევრს კურორტზე დამსვენებლების ოჯახი შეხვდა: „როგორ ვნერვიულობთ მიშაზე“, „რა უსამართლობა ხდება მის თავს“, „ძალიან გვიყვარს, ოღონდ ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ“. ეს ბოლო ფრაზა, რომ „ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ“, ძალიან ბევრჯერ გამიგია და მინდა გითხრათ, ძალიან ხმამაღლა გითხრათ ადამიანებო: მე ჩამოვედი აქ, რათა ყველასთვის დამენახებინა, რომ არ მეშინია და თქვენც გამოხატეთ ხმამაღლა თქვენი ემოცია არა მხოლოდ ჩემს უსამართლო პატიმრობაზე და იმ ზიანზე, რაც მას მოაქვს საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ უსამართლობაზე, რომელიც თქვენს გარშემო, თქვენს თავს, ქვეყნის თავს ხდება.
ჩვენ ვართ ძალიან ბევრი – აბსოლუტური უმრავლესობა. უმცირესობა, რომელიც ბოროტებას და უსამართლობას ჩადის, დგას თქვენს „ხმამაღლა ვერ ვამბობ“-ზე.
მოიწონეთ ჩემი „პოსტები“, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თორემ ისე გამოდის, რომ ჩემს გვერდზე ძირითადად უცხოეთში გასული ქართველები აქტიურობენ. ესეც დასაფასებელია, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად, აქ, ადგილზე გვყავს გადასარჩენი საქართველო, ჩვენ არ ვართ „ფარჩაკების“ ერი, ჩვენ ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, შინდისის გმირები სულ ახლახან გვყავდა.
ჩვენ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს!
ჩემთვის ასე ყურში ჩაჩურჩულებული „მიშა ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვამბობთ“ უფრო მტკივნეულია, ვიდრე არაფრის თქმა, თქვით ხმამაღლა და ეს „პოსტიც“ მოიწონეთ.
მიყვარხართ!“, – წერს სააკაშვილი.