შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკების მაგიდა პროტესტის ნიშნად დატოვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, მოლაპარაკებას მაშინ დაუბრუნდება, როცა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნების საკითხებს განიხილავენ.

“ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმას, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც არ წყდება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან.

მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას, კონსულტაციებისა და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკველიდან და არა სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმებისა და სხვა საკითხების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად”, — აცხადებს ნათელაშვილი შეხვედრის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით პირველი შეხვედრა იმართება.