აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სახლთან მყოფ აქციის მონაწილეებს “ბანდას” უწოდებს. ის მანიფესტანტებს მოუწოდებს, სახე შეინარჩუნონ.
“თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ 20–კაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული, მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა. ამ კუთხის შვილები ხართ და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, ისე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ ოჯახში შეშვება. ნუ მოიქცევით ისე, რომ მშობლები ბათუმში შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო”,– თქვა მთავრობის სხდომაზე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მთავრობის სხდომის პარალელურად მოქალაქეები აქციას მართავენ, 2 ადამიანი დააკავეს.
ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
საპროტესტო აქციები აჭარაში რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.
მანიფესტანტები აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან კაფეს გახსნას აპირებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.