გახარიას პარტია “საქართველოსთვის” განცხადება საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შესაძლო მასიური მიგრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია თვლის, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში უვიზო რეჟიმი უნდა შეცვალოს, სუსის უფროსი კი პარლამეტში მივიდეს და მოქალაქეებს პოტენციური საფრთხეების და რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს:
„რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მიგრაციის რეჟიმი შეუძლებელია იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე, წინა წლების განმავლობაში.
საქართველო დღეს განსაკუთრებული რისკების წინაშე დგას, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველოში შემომსვლელ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ გადაიხედოს დღეს მოქმედი მოქალაქეთა მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ, 1 წლიანი უვიზო რეჟიმი შემცირდეს 1-3 თვის ვადამდე.
აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ტურისტული მიზნებითა (რომელთათვის 1-3 თვემდე უვიზო პერიოდი აბსოლუტურად საკმარისია) და სხვა მიზნებით საქართველოში შემოსული ადამიანები.
აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როცა:
გუშინ ვიხილეთ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის – დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელმაც რუსეთის იმპერიალისტური მიზნები კიდევ ერთხელ აშკარად დაადასტურა (რეალური იყო თუ არა კონკრეტული განცხადება უმნიშვნელოა, რადგან ეს ისედაც დადასტურებული ფაქტია);
ხელისუფლების მხრიდან ღია თავდასხმები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურუბის გარანტზე – დასავლელ პარტნიორებზე;
ქვეყანაში მიმდინარეობს ღია რუსული პროპაგანდა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ცალკეული პრო-რუსული ჯგუფების მიერ;
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოსული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ფუძნდება, ყიდულობს უძრავ ქონებას, არეგისტრირებს ბიზნესს.
უსაფრთხოების რისკებთან ერთად, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემებია – ქვეყნიდან გაედინება საქართველოს მოქალაქეთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა.
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, სასათბურე პირობების შექმნა, მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით, მინიმუმ საზოგადოების ინფორმირების და საფრთხეების შეფასების გარეშე, ცხადია, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგრადობას და ზრდის საფრთხეებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გრძელვადიან პერიოდში.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოგრაფიული მდგრადობის შენარჩუნებისათვის, სახელმწიფომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის:
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოცხადდეს პარლამენტში და მოქალაქეებს აუხსნას პოტენციური საფრთხეები და რისკები მიმდინარე პროცესიდან გამომდინარე;
2. შეიცვალოს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და მოხდეს ვადების ოპტიმიზაცია (1-3 თვიანი უვიზო პერიოდი).“– ნათქვამია განცხადებაში.