შემოიტანეთ ჩინური ვაქცინა და თავად გადავწყვეტ, გავიკეთო თუ არა – გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე თენგიზ ცერცვაძესა და პაატა იმნაძეს ეხმიანება, რომლებმაც თქვეს, რომ ვაქცინაციის დაწყება იმიტომ დაგვიანდა, რომ ქვეყანა ევროპულ ვაქცინებს ელოდება.

რომან გოცირიძე მათ მოუწოდებს, ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოიტანონ და მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, აიცრან თუ არა.

“ახლა ახალი ლეგენდა გაჩნდა: იმიტომ არა გვაქვს ვაქცინა, რომ მხოლოდ ხარისხიანს ველოდებითო. ამ მიდგომით ორი წელიც არ გვეყოფა აცრისათვის. ისე, ვინ თქვა, რომ ჩინური უხარისხოა. შემოიტანე (კერძო ბიზნესსაც მიეცი ნება) და თავად გადავწყვეტ, გავიკეთო თუ არა ეს “უხარისხო”. დაღუპულა მაშინ ჩვენი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი, სადაც დიდი ხანია რაც აცრები ჩინურით მიმდინარეობს. მაინც მოგვიწევს რაღაც მომენტში ჩინურის შეძენა”,– წერს გოცირიძე Facebook–ზე.

მისივე აზრით, საქართველომ რუსული ვაქცინა არ უნდა მიიღოს პოლიტიკური პოზიციის გამო.

“მსოფლიოში ის ქვეყნები ლიდერობენ აცრაში, რომლებმაც იმით დაიწყეს, რაც ხელში ჩაუვარდათ, მდიდარ “დუბაიშიც” კი. რუსულიც მშვენიერი ვაქცინა გამოდგა, მაგრამ ამაზე უკრაინამ უარი თქვა პოლიტიკური მოსაზრების გამო (ჩინური უკვე შეიძინა). ჩვენც ამ გზით მოგვიწევს წასვლა.

როცა რაღაც მნიშვნელოვანი სიკეთე დიდ კონკურენციულ ბრძოლაში მოიპოვება, წარმატება არა მხოლოდ ფინანსებს და ქვეყნის წონას მოაქვს, არამედ პიროვნულ ფაქტორსაც. იმ სახელსა და გვარებს, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ, ვაქცინის კი არა შეშის მოტანაშიაც კი არ ვენდობოდი. რა ნიშნით უნდა გაუწიოს ვინმემ ანგარიში?”,– აცხადებს რომან გოცირიძე.