შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტს განვიხილავთ – კობახიძე შეხვედრაზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით პირველი შეხვედრა იმართება, რომელზეც, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მონაწილეები “შესაძლო შეთანხმების” რამდენიმე პუნქტს განიხილავენ.

“დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს, სავარაუდო, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. ველოდებით შეხვედრას, დანარჩენს, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ”,– თქვა მან შეხვედრაზე შესვლამდე.

ბრიუსელში მყოფი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ევროკომისიის ოფიციალური პოზიციის გათვალისწინებით. მისი თქმით, ოპოზიციის “კონსტრუქციული ნაწილი” პარლამენტში უნდა შევიდეს.