შესთავაზეთ უკრაინას მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დროებით შეფარება – ლომჯარია “ოცენას” მიმართავს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია,  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით, ვითარების გამოსწორებამდე საქართველოში დაბინავება შესთავაზოს.

“საომარი მოქმედებების შედეგად, ათეულობით ბავშვი დაიღუპა, დაშავდა, დაკარგა მშობელი/მზრუნველი პირი და ახლობელი, დარჩა საცხოვრისის გარეშე. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა მზრუნველობამოკლებული, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, მათ შორის, დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით. საომარი ვითარებისას ყველაზე მეტად, სწორედ, ბავშვებს, მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, სახალხო დამცველი, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართავს ყველა მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი მაქსიმალური დაცვა ნებისმიერი ზიანისგან.

თავის მხრივ, სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით”. – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.