ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ პარასკევს ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, ვირუსი ადამიანებს ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით შორ დისტანციაზეც გადაეცემათ. თუმცა სააგენტომ ეს რეგულაციები ორშაბათს ვებგვერდიდან წაშალა და თქვა, რომ ის ძველ პოზიციას უბრუნდება, რომლის თანახმადაც ვირუსი მხოლოდ 2 მეტრზე ახლოს მდგომ ადამიანებს გადაეცემათ ჰაერ-წვეთოვანი გზით.ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ისინი საუბრობენ, ახველებენ ან აცემინებენ.
დოქტორი ჯეი ბატლერი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ინფექციური დაავადებების მიმართულებით ამბობს, რომ ეს რეგულაციები შეცდომით მანამ გამოქვეყნდა, სანამ შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას გაივლიდა.
კოვიდ-19-ის გადაცემის გზები ჯანდაცვის ექსპერტებს შორის თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია. ივლისში 200-მდე მეცნიერმა 30-მდე ქვეყნიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებდნენ, შეეცვალა რეგულაციები და გაეთვალისწინებინა მტკიცებულებები, რომ ვირუსი არა მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით, არამედ ბევრად უფრო მცირე ზომის ნაწილაკებით ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრთან – CDC-სთან დაკავშირებით ახლა ყურადღების ცენტრში ის საკითხიცაა, თუ ვინ და როგორ უნდა შემოწმდეს კორონავირუსზე. CDC-იმ გასულ თვეში განაცხადა, რომ იმ უსიმპტომო ადამიანების შემოწმება, რომლებიც ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტში იყვნენ, აუცილებელი არ არის. თუმცა აქამდე სააგენტო ამბობდა, რომ ყველას შემოწმება საჭირო იყო.
წყარო: ამერიკის ხმა