შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს – გიგი უგულავა

შიში დაძლეულია, ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„ ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მთელი სუს-ის „შნირობა“ გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს. მერწმუნეთ, შიშის მომენტი აღარ არის, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა. მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა არის ერთადერთი გამოსავალი. მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობით შევძლებთ დავანიშნინოთ, ვაიძულოთ ივანიშვილი წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე.

ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავებთ. ამიტომ, ერთადერთი ლოზუნგი, რაც შეიძლება ამ დღეებში, ამ თვეებში, ჩვენს წინ და უკან ეწეროს, არის – მოძრაობა საქართველოსთვის.მხოლოდ და მხოლოდ ერთი იდეით, ერთი ნატვრით, რომ საქართველო გავიდეს განვითარების გზაზე. საქართველოს და განვითარების გზას შორის დგას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დიახ, ჩვენ გვინდა ეს ხალხი გვერდზე გავწიოთ, საქართველოს წინ სჭირდება მოძრაობა“,-აცხადებს უგულავა.