პირველადი პროექტი არის მომზადებული, ბოლო ეტაპზეა ახლა განხილვები და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. მე, რა თქმა უნდა, პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რა თქმა უნდა, ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიის დაფინანსების თემას, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის , ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, მაშინ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, მაშინ საქმე ექნებათ მათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქიის პრობლემას პოლიტიკაში. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული ამ სამოქმედო გეგმით. […] ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, ეს ადამიანები არიან ოლიგარქები“,

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.