შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ნამახვამში ინტერნეტს ახშობს.
მათივე ინფორმაციით, საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა”,- აცხადებს შსს.
რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, შსს განმარტავს, რომ ამის მიზეზია, თავიდან აიცილონ “მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.