“ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი მამა, მშობლებს შორის არჩევანს არ აკეთებენ” – აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის დინამოს მცველის, საბა საზანოვი.
- Sport24: სექტემბერში საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტეთ, ამან აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ არჩევნის გაკეთებამდე ამბობდით, რომ თქვენთვის პრიორიტეტი რუსეთი იყო. რატომ გააკეთეთ ასეთი არჩევანი?
“ერთს ვიტყვი: არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე. კითხვა კი არცთუ სამართლიანად მივიჩნევ. როდესაც არჩევანს აკეთებ, ასეთ კითხვას არ სვამენ. ფაქტია – მე ორი ოჯახი მყავს. ბავშვობიდან ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ჩემთვის საქართველო დედაა, რუსეთი კი მამა. მშობლებს შორის არჩევანს არ აკეთებენ”.
- Sport24: ხვიჩა საქართველოდან ბევრს მუქარას იღებდა, როდესაც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთში თამაში გააგრძელა, მის მამას მანქანა დაუმტვრიეს. ასეთი შემთხვევა გქონია?
“დინამოში თამაშის გამო, სიძულვილი არ შემხვედრია. პირიქით, მხოლოდ პოზიტიური კომენტარები. საქართველოდან მწერდნენ, რომ ნაკრებში ჩემი გამოძახება გაუხარდათ. ყველა მხარს მიჭერდა: “გულითადათ მოგესალმებით! გიგულშემატკივრებთ და პროგრესს გისურვებთ”.
- Sport24: რა რეაქცია იყო რუსების მხრიდან?
“სიძულვილს ადგილი არ ჰქონია. გამოხმარება ბევრი იყო – პოლიტიკოსებიდან დაწყებული, ჩვენი ლეგენდის, ლევ ლეშენკოს ჩათვლით. თითქმის ყველამ მხარი დამიჭირა. ვიმეორებ, ბავშვობიდან ორი სამშობლო მაქვს. არაერთი კითხვა თავიდანვე არასამართლიანად დაისვა. სხვა ფეხბურთელებს ეკითხებოდნენ: “მზად ხართ მოქალაქეობის შეცვლისთვის?” მე კი მოქალაეობა არ შემიცვლია – მსურს ამას გავუსვა ხაზი. მთელი ცხოვრებაა ორი მოქალაქეობა მაქვს, სწორედ ამიტომ მქონდა არჩევნის უფლება. როდესაც ამბობენ, რომ ორი სამშობლო არ არსებობს, ეს არასწორია. ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ”.
- Sport24: ხვიჩასთან ამაზე ისაუბრეთ?
“რა აზრი ჰქონდა? როდესაც საქართველოს ნაკრებში ერთმანეთს შევხვდით, ფეხბურთზე ვისაუბრეთ. გავიხსენეთ ის დრო, როდესაც მე ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგის ზენიტში ვიყავი, ის კი ყაზანის რუბინში. ამ ორი გუნდის თამაშის შემდეგ, მოედნის მიღმა ვისაუბრეთ. ხვიჩას გაუკვირდა, რომ ქართული ვიცოდი: “შენ ხომ საზანოვი ხარ?!” მე კი ვუპასუხე: “თუმცა ჩემი სახელი საბაა”. ეს ფრაზა გაიხსენა. როდესაც ერთმანეთი ვნახეთ, ხვიჩას მაშინვე ეს პირველი შეხვედრა გაახსენდა”.
- Sport24: როგორც კი საქართველოს ნაკრებში ოფიციალურ მატჩს ჩაატარებთ, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერად ჩაითვლებით. კლუბთან ეს განიხილეთ?
“მე ფეხბურთს ვთამაშობ, მხოლოდ ეს მეხება. დანარჩენი დეტალებით ჩემი დედ-მამა არიან დაკავებულები. მსგავს გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ უბრალო და სწორი პოზიცია გვაქვს. სხვისი აზრი არ მაინტერესებს.
პირადად მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, თუ როგორი სპორტული მოქალაქეობა მაქვს. ჩემი თამაში არ შეიცვლება. ზლატანის სტილში ვიტყვი: “მე საბა საზანოვი ვარ”. მორჩა”.
- Sport24: თბილისი საუკეთესო ქალაქია, სადაც ყოფილხართ?
“თბილისი შეიძლება სანქტ-პეტერბურგს შევადაროთ. მოსკოვი კი ქვეყანაა ქვეყანაში. მეგაპოლისი, რომელიც, როგორც დინამოში ამბობენ, “სულ მოძრაობაშია”. აქ სიმშვიდე არ არის, სანქტ-პეტერბურგში კი სიმშვიდე იგრძნობა. თბილისშიც ასეა. თავად ქართველებიც ბევრად მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. თუმცა, თბილისი და სანქტ-პეტერბურგი – ორი განსხვავებული სიყვარულია. ეს ისაა, რაზეც ვსაუბრობდი – ორი სამშობლო. როგორც დედა და მამა”