“ჩემი აზრით, 100 პროცენტით ვერასდროს დავადგენთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე კომენტარები ადვოკატების და განსასჯელების, ვინც ამ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, რომ ისინი აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და მინდოდა მეთქვა, რომ ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, რომ დამთავრდეს.

თუ გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ ეს საქმე გააგრძელა პროკურატურამ, ხოლო თუ ამას გაასაჩივრებენ ადვოკატები და დაცვის მხარე, პროკურატურას ყოველთვის ექნება საშუალება გააგრძელოს ეს საქმე იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც უნდა და თან ეს გაგრძელება დააბრალოს ოპოზიციას, იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა.

ამასთან, თუ გაასაჩივრებენ იქნება სხვა გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე, ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს. მე ამ საქმის დამთავრება მინდა, მე დავიღალე ამ საქმით და წამომიდგენია, მასში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ”

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე. ცნობისთვის, მათ დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.