“ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება.ჩემს პირად ცხოვრებას ესხმიან თავს“–თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური პრობლემები, არამედ “დრომოჭმული ფასეულობების“ პრობლემაც აქვს, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში. ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხზეც წერს და ამბობს, რომ მის ქმარს, გიგა ბოკერიას ხშირად ესხმიან თავს ცოლის აქტიურობის გამო:

“საქართველოს დემოკრატიზაციის ამოცანას ის ართულებს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ტრანსფორმაცია არ ყოფნის შედეგს, სოციალური ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს.

დახურული საზოგადოებიდან, ღია საზოგადოებად ქცევის პროცესი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დაიწყო და ვარდების რევოლუციის შემდეგ დაჩქარდა, მაგრამ მიზნისგან ჯერ შორს ვართ.
პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების ფასეულობები ადვილად არ იცვლება. ეს არ არის წინდა, რომელსაც გაიხდი და ახალს ჩაიცვამ. საზოგადოებრივი მენტალიტეტის ტრანსფორმაცია ბევრად უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე – პოლიციის რეფორმა. სამწუხაროდ, დრომოჭმულ ფასეულობებს, კორუმპირებული საგზაო ინსპექტორებივით, სამსახურიდან ვერ დაითხოვ.

დრომოჭმული ფასეულობების “გახდის” პროცესი რთულია და ბევრ კონფლიქტს წარმოშობს.
განსაკუთრებულად, ეს ქალებს ეხება.

“ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია” – ხომ ხშირად გსმენიათ ასეთი რამ? ვისაც არ გსმენიათ, იცოდეთ, ეს ჩემი ყოველდღიურობაა.

ერთია, როცა მე მესხმიან თავს – ასეთებს ვჯეგავ და ვიშორებ გზიდან.

მეორეა – როდესაც ჩემს ქმარს ესხმიან თავს იმის გამო, რომ არ მცემს და არ მშორდება, იმის გამო, რომ ჩემი აზრი მაქვს და თავს გამოხატვის უფლებას ვაძლევ.

ამით ისინი მხოლოდ მე კი არ მეხსმიან თავს, ჩემს პირად ცხოვრებას ესხმიან თავს – არაფერი გამოსდით, მაგრამ ცდილობენ, ჩემს ქმარს თუ ვერ აჯობეს, ეგებ ჩემი ქმრის პირადი ცხოვრება დააზიანონ, ააგდონ – რომ მოვიდეს სახლში და ერთი გემრიელად დამჟეჟოს.

მე გვერდით გამართული, საკუთარ თავში და დასავლურ-ქრისტიანულ ღირებულებებში მყარად მორწმუნე ქმარი მყავს, ამიტომ ამგვარ გამოხტომებს ზიზღნარევი სიბრალულით ვუყურებ.
ორივე ვისხლეტთ და ორივე ციხესიმაგრესავით ვართ ჩვენი თანასწორობის და ჩვენი პირადი ცხოვრების დაცვაში.

მაგრამ ყველა ქალი ჩემსავით იღბლიანი არ არის.

ყველა ქალს არ ყავს ქმარი, რომლის დედაც ჭადრაკის გროსმაისტერია და შეგუებულია იმას, რომ ქალი მეორეხარისხოვანი არსება არაა და საკუთარ სისუსტედ ჩემს ძალას არ მიიჩნევს.

ამიტომ გთვლით უსუსურ, უძალო, უუნარო და უბედურ ბოროტმოქმედებად ყველას, ვინც ჩემს ლეგიტიმურ, პოლიტიკურ აქტიურობას იყენებთ ინტრიგების დასახლართად.

ამგვარი მოქმედებებით თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ ყველა უბედურებაზე, რაც ამ ქვეყანაში ქალს მეორეხარისხოვანი როლის გამო დამართნია.

მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ თქვენი ფასეულობები შეუქცევადი გადაშენების პირასაა და რამდენიც არ უნდა იფართხალოთ, ემანსიპაციის პროცესს ვერ გააჩერებთ.

პოსტი კონკრეტული ამბითაა ინსპირირებული, მაგრამ კონკრეტული ადრესატი არ ყავს, იმდენად უნივერსალური პრობლემაა.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.