ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში შემოვიდა ტანკერი “როსნეფტის” სანქცირებული ტვირთით – ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბათუმის პორტში, ნავთობის ტანკერი “ATACAMA​” შევიდა, რომელზეც სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია როსნეფტის სანქცირებული ტვირთი – მაზუთი იყო.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად, ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქცირებული გემი ან ტვირთი საქართველოს ნავსადგურებში დღემდე არ შემოსულა, ხოლო ATACAMA ან მისი მფლობელი სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში არ იძებნება.

“თუ არაფერია დასამალი, თუ არაფერია პრობლემა, რატომ არ ამბობთ, რა ტვირთთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ტანკერზე. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის სანქცირებული როსნეფტის სანქცირებული ტვირთი – მაზუთი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ მოგვისმენია.

მესამე – არსებობს აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ შემოღებული პროტოკოლი, რომელიც დეტალურად აღწერს, რა ხარისხის გამჭვირვალობა უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვისას, რა ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, რომ ვიცოდეთ, რომ ტვირთი არ არის სანქცირებული. [..] გემი შემოვიდა ისე, რომ მას გათიშული ჰქონდა საიდენტიფიკაციო სისტემა, რაც აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის შეფასებით, არის სანქცირებული ტვირთის ჩამოყალიბებული პრაქტიკა. როცა გათიშვა ხდება, ჩნდება ეჭვი, რომ გემი ცდილობს, თავი აარიდოს კონტროლს და ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სანქცირებული ტვირთი. ეკონომიკის სამინისტროს ამაზეც არაფერი უთქვამს”. – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.