ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია კანონმდებლობასთან – აშშ-ს საელჩო კობახიძეს პასუხობს

საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს.

საელჩოს ცნობით, აშშ-ს დახმარება აპოლიტიკურია და ის შეესაბამება კანონმდებლობას.

“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს საელჩოს მოუწოდა, მოსამართლე ჩხიკვაძეზე “სპეკულაციების დასასრულებლად” განცხადება გაევრცელებინა. მისი თქმით, “რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი, ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია”.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამიდან ამოაგდო.