“ბორჯომის” ქარხანასთან აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – “IDS ბორჯომის” გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი დაიწყეს. თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.
როგორც ცნობილი ხდება, გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაცვლად, კომპანია თანამშრომლების ჩანაცვლებას რუსეთიდან ჩამოყვანილი მუშებით გეგმავს.
- “გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე უნდა მოიყვანონ მუშები საქართველოდან, რუსეთიდან და გადავწყვიტეთ პიკეტირება. ვინც აქამდე შედიოდა მათაც გამოგვიცხადეს სოლიდარობა და აღარ შევიდნენ. ქარხანაში მიმდინარეობს დისკრიმინაცია, დაშინება”,- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.
კომპანიის შესასვლელთან ახლა 400-მდე ადამიანი იმყოფება, ჩაკეტილი აქვთ ქარხნის შესასვლელები და შენობისკენ გადაადგილების საშუალებას სხვა დასაქმებულებს არ აძლევენ.ადგილზე როგორც საპატრულო, ასევე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.