ჩვენს ანგარიშებს “პატიმრებზე მზრუნველი” მინისტრის რეაგირება არ მოჰყოლია – ლომჯარია წულუკიანს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თეა წულუკიანს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს, რადგან ის ამნისტიის პროექტის განხილვას არ დაესწრო.

ლომჯარიას თქმით, ამნისტია პოლიტიკური აქტია, ამიტომ ომბუდსმენი ვერ იტყვის, რომელ მუხლებს უნდა შეეხოს ის. მისივე განმარტებით, პრობლემების შესახებ წულუკიანის მინისტრობის დროს რეკომენდაციები იუსტიციის სამინისტროსაც გაეგზავნა, თუმცა მინისტრს რეაგირება არ ჰქონია.

“იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!

• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, “პატიმრებზე მზრუნველი” მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია”,– წერს ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ.