“ჩვენ ვდგებით ერთად” – ლელომ და დროამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

პარტია “ლელომ” და “დროამ” ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამ პარტიების მიზნები და ამოცანები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს, ეს პლატფორმა კი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება.

“შევიკრიბეთ პარტია დროა და ლელო – საქართველოსთვის, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი – პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ”, – თქვა ხაზარაძემ. 

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ ერთობისა და ერთიანი ბრძოლის სასარგებლოდ.

“ამასთანავე, არჩევანს ვაკეთებთ მრავალფეროვნებისთვის და განსხვავებებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს განსხვავებებს. ჩვენ ვდგებით ერთად და ამ არჩევნებზე ხალხს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის და ნიკა მელიას დიდი ძალისხმევა, რომ ეს მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო ენმ როგორც უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილების საფუძველი”, – განაცხადა ხოშტარიამ.