ჩინური რაკეტის ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა

ჩინური რაკეტის ნამსხვრევები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შესვლის დროს განადგურდა, თუმცა ნაწილი აღმოსავლეთით 72,47°-ზე და ჩრდილოეთით 2,65°-ზე დაეშვა. წერტილი ამ კოორდინატებით მალდივის დასავლეთით მდებარეობს.ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რაკეტის ნაწილები კვირას, პეკინის დროით 10:24 საათზე ატმოსფეროში ხელახლა შევიდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს Long March-5b ხომალდის უკონტროლო დაცემას და ცდილობდა გამოეცნო მისი ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი. არსებობდა ვარაუდები, რომ ის შესაძლოა რომელიმე დასახლებულ ადგილზე ჩამოვარდნილიყო. გუშინ მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იტალიაში დაეცემოდა.

აშშ-ს კოსმოსურმა სარდლობამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას შეუძლია, “დაადასტუროს ჩინეთის Long March-5b-ის შესვლა არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე”. სააგენტოს ცნობით, ”უცნობია ნარჩენების გავლენა მიწასა ან წყალზე”.

კოსმოსური ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ რაკეტის დასახლეუბულ ადგილზე ჩამოვარდნის შანსი ძალიან მცირე იყო, რადგან დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული, მიწის ნაკვეთების უზარმაზარი წილი კი დაუსახლებელია.