ცესკო აცხადებს, რომ “სისხლიანი” ბანერები კანონდარღვევა არ არის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, “სისხლიანი ბანერები” არ არის კანონდარღვევა, რადგან მისი დამკვეთი კერძო პირია და არა პოლიტიკური პარტია.

ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ბანერებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში 18-21 სექტემბერს 3 საჩივარი შევიდა.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ მოიკვლია და დაადგინა, რომ ბანერის დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს ალმას შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება.

სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ ბანერების განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.

ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ასევე არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს”. – აცხადებს ცესკო.