აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმინანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი რომლის მიზეზიც ანორექსიაა. ნანა გეგეჩკორი დეტალურად განმარტავს თუ რა არის ანორექსია და რა რისკები ახლავს აღნიშნულ დაავადებას.
”ანორექსია ნერვოზა, კვებითი აშლილობა, არის დაავადება რომლის დროსაც პაციენტი უარს ამბობს ადექვატურ კვებაზე და შედეგად მიმდინარეობს წონის დრამატული კლება, წონის ინდექსის 18.5-ზე ქვემოთ დაქვეითებით. დაავადების ტრიგერი შეიძლება იყოს მრავალგვარი, მაგრამ საბოლოო ჯამში ორგანიზმის დაზიანების მექანიზმი და შედეგი სხვა და სხვა მიზეზით გამოწვეული ანორექსიის არის ერთგვაროვანი.
ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი საკმარისზე მეტ საკვებს იღებენ და მათი წონაც გადაჭარბებულია. მარტივად რომ ავხსნა, სარკეში ხედავენ არარეალურ გამოსახულებას, ჭარბწონიან საკუთარ თავს, მაშინ როცა სინამდვილეში კახექსიურად გამხდრები არიან.
გავიმეორებ, ანორექსიის მქონე ადამიანები საკვებს ვერ იღებენ. არ იღებენ კი არა, ვერ იღებენ. შესაბამისაც არც იმ რისკების შეფასება შეუძლიათ ადექვატურად რაც შეიძლება წონის დეფიციტმა გამოიწვიოს.
ანორექსია ასოცირდება მრავალ სამედიცინო გართულებასთან, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული წონის დრამატულ კლებასთან.
ანორექსიის გართულებები მოიცავს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და სისტემის ადექვატური ფუნქციონირების მოშლას.
შიმშილით გამოწვეული ცილებისა და ცხიმების კატაბოლიზმს (დაშლა) ორგანიზმი მიჰყავს გულის, თავის ტვინის, ღვიძლის, ნაწლავების, თირკმლის, ჩონჩხის კუნთების უჯრედოვანი მოცულობის დაკარგვამდე და ატროფიამდე.
იმის გამო რომ ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი საკვები ნივთიერებები, ამინომჟავების (ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ძირითადი საშენი მასალა) დეფიციტის შესავსებად ცილოვანი სტრუქტურების, მათ შორის გულის კუნთის დაშლა იწყება.
ანორექსიის გართულებებზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს შევეხები, რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ პრობლემის სირთულე.
გულის კუნთში მიმდინარე სტრუტურული ცვლილებები იწვევენ გულის მასის და პარკუჭების მოცულობის შემცირებას, გულის ქსოვილის ფიბროზული ქსოვილით ჩანაცვლებას
(დანაწიბურებას) და გულის ირგვლის მდებარე პერიკარდიუმის სივრცეში სითხის დაგროვებას (pericardial effusion). ეს ცვლილებები საბოლოოდ იწვევენ გულის ფუნქციის მოშლას, იქამდეც კი, რომ გულს არ შეუძლია ორგანიზმის სისხლით ადექვატური მომარაგება. შედეგად ქვეითდება პაციენტის ტოლერანტობა დატვირთვის მიმართ. ორგანიზმს არ შეუძლია ჩვეულებრივი ცხოვრების რითმის შენარჩუნება, ვერ ინარჩუნებს ადექვატურ არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს (აღენიშნებათ გამოხატული ბრადიკარდია), ტემპერატურას (ჰიპოთერმია) და შედეგად სწრაფად იღლება უმარტივესი დატვირთვის დროსაც. პაციენტი შეიძლება უჩიოდეს გულის ტკივილს, სარქვლოვანი უკმარისობისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს.
ასეთივე დრამატული ცვლილებები ხდება სხვა ორგანოთა სისტემებშიც. შედეგად შეიძლება განვითარდეს მძიმე იმუნური დეფიციტი და ორგანიზმი ვერ გაუმკლავდეს უმარტივეს ინფექციურ დაავადებასაც კი.
ანორექსია ნერვოზას გართულებათა სია გრძელია და მოიცავს იმდენი ორგანოს დაავადებებს რამდენიც ადამიანს გააჩნია. სწორედ ეს გართულებები ხდება ამ აშლილობით დაავადებული ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
ანორექსია ნერვოზა ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილობის მაჩვენებლით მენტალურ დაავადებებს შორის. ერთ-ერთი მეტაანალიზის მონაცემებით, რომელიც 12000 პაციენტზე დაკვირვებას მოიცავდა, ლეტალური გამოსავლის სიხშირე 6-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი პოპულაციის სიკვდილიანობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანორექსია ნერვოზა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეტალობის მქონდე მენტალური აშლილობა. პაციენტი ამ ტიპის აშლილობით ვერ იკვებება იმიტომ, რომ მას საკუთარ სხეულზე და კვებაზე სრულიად არაადექვატური წარმოდგენა აქვს. სწორედ საკუთარი თავის აღქმაშია პრობლემა და ამიტომ ვერანაირი მეთოდით ამ ტიპის პაციენტს ვერ დაარწმუნებთ, რომ ის საკმარის საკვებს არ იღებს. ანორექსიით დაავადებულ პაციენტს ვერც იმაში დაარწმუნებთ, რომ მას წონის დეფიციტი აქვს, მიუხედავად იმისა რომ მათემატიკურად ციფრების აღქმაც შეუძლიათ, სასწორზეც საჭიროზე ხშირადაც დგებიან და წონის ინდექსსაც თავისუფლად ითვლიან.
დაავადებაა ანორექსია და ამიტომ, არა იმიტომ რომ ეს მათი კაპრიზია.
ორი დღეა ვაწყდები კომენტარებსაც და პირად საუბრებში მოსაზრებებსაც კოლეგებისგან, „ჭამოს მაგის დედაც და არ მოკვდება“… არაეთიკურია ასეთი დამოკიდებულება ანორექსიით დაავადებულ პაციენტთან, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ „ჭამოს მაგის დედაც და არ მოკვდება“ სრულიად გამორიცხავს პროფესიონალიზმს და ხაზს უსვამს, რომ ფრაზის ავტორმა ეს დიაგნოზი უბრალოდ არ იცის. აქვე ხაზს გავუსვამ, ეს ერთ-ერთი იმ დიაგნოზთაგანია, რომელიც ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს კარდიოლოგმაც, ქირურგმაც, ფსიქიატრმაც, ნეფროლოგმაც, იმუნოლოგმაც, ნევროლოგმაც, გინეკოლოგმაც, ექთანმაც, სანიტარმაც და საერთოდ ყველამ ვისაც მედიცინასთან რაიმე ტიპის კავშირი აქვს, რადგან ქვემოთ მოყვანილი ინფორმაციიდან თავადაც მიხვდებით, ის პოლიორგანულ უკმარისობას იწვევს და შესაბამისად, ამ ტიპის პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ვიწრო სპეციალობის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პროფესიული პატიოსნება, ცოდნა, ემპათიის უნარი ის ოქროს თვისებებია, რომლის გარეშეც პაციენტთან მიკარების უფლება, წესით ექიმს არ უნდა ჰქონდეს. “- წერს ნანა გეგეჩკორი.
ცნობისთვის, 27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი “საკუთარ თავს ინელებს”.