გამორიცხულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა. კერძოდ, საქართველოში პირველი ინფიცირებულების მაგალითები.
„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხარ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ, ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.