ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვის – კობახიძე ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება კომპანია ენკას მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტას, რის მიხედვითაც, ნამახვანჰესი აღარ აშენდება.

კობახიძის თქმით, ეს ცუდი სიგნალია შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ინვესტიციები მოიზიდონ.

“ეს, რა თქმა უნდა, იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ჩვენთვის არის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი, არამარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი სიგნალი შემდგომი ინვესტიციებისთვისაც, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ენერგეტიკის მიმართულებით ჩაიდოს დიდი ინვესტიციები.

მთავრობას აქვს 10 წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის, ენერგეტიკის კუთხით. მილიარდობით დოლარის ინვესტიციების მოზიდვა არის დაგეგმილი. ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი”,– თქვა კობახიძემ.

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. აღნიშნულ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.