ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს წინააღმდეგ მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, წარმოადგენს თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც მის განცხადებაშია.
მისი თქმით, 7 წლის განმავლობაში მის მიმართ უფრო მწვავე რიტორიკა ჰქონდა, თუმცა პოსტი ახლა დაწერა.
„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის”,– ამბობს ცერცვაძე.
ცნობისთვის, გუშინ თენგიზ ცერცვაძემ სერგეენკოს მიმართა და ინფექციური საავადმყოფოს გამიზნულად განადგურებაში დაადანაშაულა. ის ითხოვს, ყოფილა მინისტრმა დააკონკრეტოს, რა გაუფუჭა და რა გაუკეთა მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.
დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე “ქართული ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი იყო. ახლა ის ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია.