წერილზე ხელმომწერი დეპუტატები ევროპარლამენტის მუშაობაში დიდ როლს თამაშობენ – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ის ევროპარლამენტარები, ვინც მიხეილ სააკაშვილის სამართლიან სასამართლომდე გათავისუფლებაზე წერილს ხელი მოაწერა, ევროპარლამენტში საგარეო საკითხების გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობენ.

“ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე, მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს, სამართლებრივი პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად.

მე არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირება. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რაც უნდა იყოს დაცული, ეს არის პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.