„ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო ეს განცხადება. განსაკუთრებით წერილობითი განცხადება პირდაპირ ეთერში, რომელიც ნიკა მელიას საყოველთაო დასჯას უფრო ჰგავდა. არ ვიცი ეს იყო ერთი ადამიანის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება თუ არა, ვინაიდან ამ მანიფესტს ძალიან ბევრმა ადამიანმა არ მოაწერა ხელი პარტიის შიგნით და ამ ადამიანების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“, რომ განსხვავებული აზრის მიღება არ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ჩვენ და ოპოზიციამ ძალიან სერიოზული მაგალითი უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლია განსხვავებული აზრის მიღება და მათ შორის შიდა პარტიული დემოკრატია გაცილებით სხვა სტანდარტების უნდა იყოს, ვიდრე ეს არის ახლა დამკვიდრებული „ქართული ოცნების“ პირობებში. სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო მივიღეთ ამ გადაწყვეტილებით.

მე არ მესმის, რა არის სამართლებრივად „თავი ამოირიცხა“, სამართლებრივად ასეთი რაღაც არ არსებობს. ადამიანმა განცხადებით უნდა მიმართოს ან თვითონ უნდა იყოს ინიციატორი. „თავი გაირიცხა, პარტიის გარეთ დააყენა“ ასეთი სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

ეს ძალიან სამწუხაროა იმიტომ, რომ პარტიიდან გარიცხვის ფაქტი ბოლოს რომ მოხდა, მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა. კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და ეს იბეჭდებოდა გაზეთებში. ძალიან სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღო პარტიამ, რომელსაც პროდასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია“,

ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.