ხახალეიშვილი მთავარ არხს უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს

ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი მთავარ არხს სასამართლოში უჩივის და პატივისა და ღირსების შემლახვისთვის კომპენსაციის სახით 55 555 ლარის ითხოვს.

მას თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს მთავარი არხის, მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ.

“ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება (ააიპ) საქველმოქმედო ფონდში “ქუთაისი”, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა”, – თქვა ხახალეიშვილმა.

მისივე განცხადებით, “ტოტალური ტყუილების” წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ ქართული ოცნების სხვა წევრებიც. ხახალეიშვილის თქმით, იბრძოლებს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ არავის ღირსება არ შეილახოს ცილისწამებით.

ცნობისთვის, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოსებ ხახალეიშვილი უშიშროების სამინისტრომ გადაიბირა იგორ გიორგაძის დროს, მისი აგენტურული ფსევდონიმი კი არის “ბოცა”. მათივე ცნობით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხახალეიშვილმა საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები შეკრიბა და უსაყვედურა, რომ მას ხმას არ მისცეს.