“ქართული ოცნების” დავალებით, “რუსული კანონის” მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებს 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების 320 თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” ავრცელებს.
“ქართული ოცნების” ტყუილების გავრცელების სქემა ასეთია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან”. ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები. შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები.
საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის დასაქმებულია, მინიმუმ, 20,000 ადამიანი და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს, მმართველი პარტია მათ სრულად მობილიზებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამბროლაურის მერიის შიდა ჩატის ფოტოები, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა. ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ”, – წერს “აი, ფაქტი”.
ქართული ოცნების მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული სამი ვიზუალური მასალა ფეისბუქმა მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა, პოსტზე განთავსებული ტექსტი აღარ ჩანს.