კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ბიუჯეტს საკუთარ ფულად ვერ აღიქვამს, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია ამის აღქმა გააჩინოს.
„ბიუჯეტის ფული არის ხალხის ფული. გადასახადების გადამხდელების ფული, უბრალოდ არიან ადამიანები, ვინც ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ეს ფული განკარგონ. არასწორია წინადადებაა, რომ პრემიერი ან მთავრობა ხალხს დაეხმარაო. ისე გამოდის, რომ თითქოს პირადი რესურსით ეხმარება. საბიუჯეტო სახსრები მთლიანად არის ჩვენი, უბრალოდ ამის აღქმა არ არსებობს ხალხში და ამას აქვს ბევრი მიზეზი. სახელწმიფოს შეუძლია რომ ამის აღქმა გააჩნიოს.. ცნობიერება და საგადასახადო კულტურა არა გვაქვს. ისტორიულადაც გადასახადები ჩვენთვის ცალსახად ცუდი იყო, დამპოყრობლები გვართმევდნენ გადასახადს და ა.შ.
დღეს, ადამიანებს რომ შეეკითხოთ ხელფასი რამდენი გაქვსო, 99% გეტყვის იმას, რამდენიც ხელზე ასაღები აქვს. ხელზე რასაც იღებ, იმის 1/4–ს სახელმწიფოს აძლევ“, – ამბობს ის BMG-ის გადაცემაში “საქმიანი დილა”.
მისივე თქმით, გამოსავალი ის არის, რომ ადამიანებს ხელფასი ჩაერიცხოთ გადასახადების ჩათვლით და შემდეგ “უკან წაართვან”, რათა მათ გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ იხდიან გადასახადებს.
„SMS რომ მოგდის რომ 1000 ლარი ჩაგერიცხა მაგის მაგივრად უნდა მოგდიოდეს, რომ 1250 ჩაგერიცხა, და იქიდან 250 სახელმწიფომ წაიღო. ყოველწლიურად რომ ეგ ანგარიში მოგდიოდეს. მერე მოსთხოვ პასუხს სახელმწიფოს.
არცერთი ხელისუფლების პირობებში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. სახელმწიფომ რომ ხალხს აუხსნას და გააცნობიერებინოს რომ ეს ფული, რომელსაც ისინი განკარგავენ, არის ხალხის ფული, მერე იმას ვეღარ ეტყვიან, რომ წინასაარჩევნოდ დაგეხმარე“, – აღნიშნა მან.