ხვალ პრაიდის დახურული ფესტივალი გაიმართება – შსს- კონტრაქციის მონაწილე მოძალადეებს აფრთხილებს

ხვალ 8 ივლისს, თბილი პრაიდის დახურული ფესტივალი გაიმართება – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “თბილისი პრაიდის” უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადება ავრცელებს და კონტრაქციის მონაწილე მოძალადეებს აფრთხილებს

  • “შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.
    8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 8 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში არავითარი ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება.„თბილისი პრაიდის“ განმარტებით, აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

  • ”ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება – დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ.“გეიაღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს”-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მორიგ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კანონის მიღება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის დასარეგულირებლად მიზანშეწონილად მიაჩნიათ. მათი თქმით არავის არასოდეს არ მოუწოდებენ ძალადობისკენ. საპატრიარქოში ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივი პოზიცია და განცხადებაა, რომ „ამას არ შეეგუებიან“.

განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა.

  • „ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, – წერია განცხადებაში.

7 ივლისს გავრცელდა თბილისის სინაგოგის განცხადება „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

  • „ჩვენც მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია მათი გაუკუღმართებული ქმედებების პროპაგანდა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაზე და ამ ქმედებებს ძალადობის გარდა სხვა შეფასებას ვერ მიუსადაგებ… მოგიწოდებთ ქვეყნის მოქალაქეებს – ნუ აჰყვებით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებს და მოარიდეთ მათ ახალგაზრდები“, – წერია თბილისის სინაგოგის განცხადებაში.

წერილის თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“:

„მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“.

როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“.

კოალიცია თანასწორობისთვის” მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” მიერ “პრაიდ კვირეულის” ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.განცხადებაში აღნიშნულია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

  • ”ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის (კონკრეტულად, „ალტ ინფოს“) წარმომადგენლების მუქარა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ალტ ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე ითხოვდა ფინანსების მობილიზებას „პრაიდ ფესტის“ ჩაშლის მიზნით.ამას გარდა, 1 ივლისს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება. აღნიშნული განცხადების ფარგლებში, საპატრიარქო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ლგბტ კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეშიც კი მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე. განცხადება შეიცავს არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას, რამაც შესაძლოა “პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ძალადობა წაახალისოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ 2023 წელი და კონკრეტულად უკანასკნელი თვეები გამოირჩეოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებების სიმრავლით, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლისდროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“ და ისაუბრა გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზე აღნიშნულის საპასუხოდ, ასევე, 2023 წლის მაისის თვეში, უნგრეთში, ის სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე, რა დროსაც, არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია”.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში გატარებული „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ, რასაც მოჰყვა ჰომოფობიური კამპანიის განსაკუთრებული გააქტიურება სამთავრობო მედიების მხრიდან. განმცხადებლების თქმით, აშკარაა, რომ ამავდროულად ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიას იყენებენ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დასაკნინებლად. ეს 2021 წლის 5 ივლისსაც ნათელი იყო, როდესაც მოძალადეებმა ორჯერ ჩამოხიეს და დემონსტრაციულად დაწვეს ევროკავშირის დროშა.

  • ”გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური დანაშაულების ორგანიზატორი პირები, რომელთა მიზანიც, სწორედ, „პრაიდის კვირეულის“ დარბევა იყო.ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისითვისაც”. – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც “კოალიცია თანასწორობისთვის”  ავრცელებს. 

გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, “თიბისიმ” და “საქართველოს ბანკმა” ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ანგარიშები დაუბლოკეს. კონკრეტულად რომელი პირების ანგარიშები, ან რამდენი ანგარიში დაიბლოკა, უცნობია.ძალადობრივი ჯგუფები თანხას აგროვებდნენ 8 ივლისს “თბილისი პრაიდის” ფესტივალის ჩასაშლელად რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად, ასევე, ძალადობრივი, ჰომოფობიური აქციის დასაორგანიზებელად. ანგარიშის ნომრები მათ სოციალურ ქსელებში ჰქონდათ გავრცელებული. “პუბლიკა” ამბობს, რომ ბანკები ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.