ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის უკანონოდ გაცემისთვის 3 სამედიცინო დაწესებულებას საქმიანობა აუკრძალა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო, სამ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ. უწყების ცნობით, შპს “ამბულატორიული კლინიკის” თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე, შპს “ჯანმრთელობა ყველასთვის 3” შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს.

“აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი. ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას. აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა“– ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მედიის წარმომადგენლები დღეს გორის იმ „ამბულატორიულ კლინიკასთან“ მივიდნენ, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების უკანონოდ გაცემაშია მხილებული. ამბულატორია დაკეტილი იყო. მედიასთან კომენტარები ადგილობრივებმა მოქალაქეებმა გააკეთეს. მათ კლინიკის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაეგზავნა.