“ჰააგის სასამართლომ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია” – ასე ეხმაურება, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია.
მან იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა „სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე – ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.
მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას.
ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა.” – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ,ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.
მასთან ერთად გაცემულია ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც. დეიფი ისრაელზე, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად სახელდება, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ დეიფი ლიკვიდირებულია. აღნიშნული ინფორმაცია ტერორისტულ ორგანიზაციას ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ჰააგის სასამართლო აცხადებს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ჩართული იყვნენ ქმედებებში, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ სამხედრო დანაშაულებს წამოადგენს.
ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ. ცნობისთვის, რომის სტატუსის ყველა ქვეყანა ვალდებულია დააკავოს პრემიერი, თუ იგი რომელიმე ამ ქვეყანაში ჩავა