ჰამასი მზად არის ზავი კიდევ ოთხი დღით იმავე პირობებით გააგრძელოს

ჰამასი მზად არის ზავი კიდევ ოთხი დღით იმავე პირობებით გააგრძელოს. ინფორმაციას დასავლური მედია ჰამასთან დაახლოებული ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელსა და ჰამასს შორის რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით მიღწეული შეთანხმების პირობები მოიცავდა ყოველდღიურად მინიმუმ 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ, სამი ერთზე პრინციპით, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული წვდომისა და ისრაელის ფრენების (მათ შორის უპილოტო აპარატების ფრენის) შეჩერებას ღაზას სექტორში. შეთანხმება ამ პარამეტრებით უკვე მეექვსე დღეა მოქმედებს. ის თავდაპირველად ოთხი დღით დაიდო, შემდეგ კი ორი დღით გააგრძელეს. ფორმალურად მისი ვადა დღეს იწურება, თუმცა კატარში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის, შეერთებული შტატების და ეგვიპტის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით ზავის კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივებაზე.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედების ხუთი დღის მანძილზე ჰამასმა 81 მძევალი გაათავისუფლა: 60 ისრაელელი და კიდევ 21 მძევალი ცალკე შეთანხმებით. აქედან 19 ტაილანდის მოქალაქეა.

ისრაელმა საპასუხოდ ციხიდან 180 პალესტინელი ქალი და მოზარდი გაათავისუფლა. მეექვსე, ანუ დღევანდელი დღის ბოლომდე ჰამასმა მძევლობიდან კიდევ მინიმუმ 10 ისრაელელი უნდა გაათავისუფლოს. სანაცვლოდ ისრაელი სამჯერ მეტ პალესტინელ პატიმარს გაუშვებს ციხეებიდან.
მძევლების გათავისუფლების პროცესი წითელი ჯვრის ჩართულობით მიმდინარეობს.

ბრიუსელში ნატოში გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის იმუშავებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე ისრაელში მისი ვიზიტის დროს. ბლინკენი სინქრონი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია საბრძოლო მოქმედებებში პაუზის გასაგრძელებლად, რათა შევძლოთ რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლება, რომ ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, შევძლოთ მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზას სექტორში, რომელიც მის ხალხს ძალიან ჭირდება.