საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, რუსული გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან არ თანამშრომლობენ.
მათი განმარტებით,ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.
“ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია “Мир”-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა”,– წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ავიაკომპანია Georgian Airways რუსულ საგადახდო სისტემების კომპანია Мир-თან თანამშრომლობს. ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას აზრით, კომპანია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებდა.