მოსკოვის საქმიანი ცენტრის, Москва-Сити–ს კომპლექსის სამ ცათამბჯენში ხუთშაბათს ელექტროენერგია იმ დროს გამოირთო, როცა იქ მყოფი მინისტრები რუსეთის პრეზიდენტს სელექტორულ თათბირზე ერთვებოდნენ. ერთ–ერთი ცათამბჯენში სამი სამინისტროა განთავსებული–ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის და კავშირგაბმულობის სამინისტროები.ამ შენობას “სამინისტროების კოშკს“ ეძახიან.
ამ დროს პუტინი მთავრობის წევრებთან თათბირს ატარებდა და ტრანსლაციისას აშკარად გამოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი, მაქსიმ რეშოტნიკოვი და ვაჭრობის მინისტრი, დენის მანტუროვი საკუთარ კაბინეტებში სიბნელეში ისხდნენ. მათი კვადრატები ეკრანზე შავი იყო.
რეშოტნიკოვს სიტყვა მას შემდეგ მისცეს, რაც მის კაბინეტში სინათლე ჩაირთო.
“იმედია სარემონტო სამუშაოები, რომლებიც თქვენს კომპლექსში მიდის, ანგარიშის წარმოდგენაში ხელს ვერ შეგიშლით“–უთხრა პუტინმა მინისტრს.
ტრანსლაციისას ასევე ჩანდა, როგორ მიუახლოვდა პუტინს ერთ–ერთი თანაშემწე და ყურში რაღაც უთხრა.
მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცათამბჯენებში 18:10 საათზე სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა მაშველებმა ცეცხლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით 18:58 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.